აშშ-ის პრეზიდენტი დონალ ტრამპი მზადაა, უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს და რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის განაღმვის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ გამოცემა Politico ხუთ ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, თანდათან იკვეთება მომავალი შეთანხმების კონტურები. ტრამპი ცდილობს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო შეთანხმების სტაბილიზაციას, რისთვისაც "დიდი შვიდეულის" მოკავშირეების სამხედრო რესურსები სჭირდება ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გასაწმენდად. სანაცვლოდ, ევროპელი ლიდერები ტრამპისგან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ნაბიჯებს ელოდებიან.
„განხილვები, რომლებიც ერთმანეთთან და აშშ-ის პრეზიდენტთან გვქონდა - როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ისე კულუარებში გამართული არაოფიციალური კონტაქტების დროს, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
მანამდე ევროპაში შიშობდნენ, რომ ტრამპი უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებას აიძულებდა. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მან რუსეთის პრეზიდენტთან, ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა.
თუმცა, შეხვედრების დროს ტრამპმა ლიდერებს მოულოდნელად აცნობა, რომ აშშ მზად არის, რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები კვლავ აამოქმედოს.
„რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს,“ - განაცხადა ტრამპმა.
"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა მიანიშნეს, რომ მზად არიან დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის განაღმვაში, მაგრამ მხოლოდ მკაცრი პირობებით.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სამხედრო გემების გაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ოფიციალური მოთხოვნა აშშ-ის მხრიდან და თანხმობა აქვთ ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის ირანსა და ომანს.