გასულ ღამეს რუსეთმა მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. საერთო ჯამში კი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 70 რაკეტა და 611 დრონი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთი სწორედ ასე აჩვენებს მსოფლიოს, რომ ომის გაგრძელებას აპირებს.
"კიევში, ისევე როგორც ხარკოვში, კვლავ გრძელდება რუსეთის დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები.
გასულ ღამეს რუსეთმა მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. საერთო ჯამში კი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 70 რაკეტა და 611 დრონი.
ამ დროისთვის, კიევში 28 დაშავებულისა და 4 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
რუსეთის დარტყმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრაში მდებარე მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ეს არის ტაძარი, რომლის ისტორია XI საუკუნიდან იწყება. დღემდე ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს წარმოადგენს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტაძრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრო.
ხარკოვში რუსებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს მაშველების წინააღმდეგ, რომლებიც სამრეწველო ობიექტზე წინა თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.
ამ დროისთვის, სამწუხაროდ, 5 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. 9 ადამიანი დაშავდა.
დნიპროში რუსეთმა დაარტყა რკინიგზის სადგურის ტერიტორიას, კოლეჯსა და რამდენიმე საწარმოს.
თავდასხმის სამიზნე სხვა ქალაქები და თემებიც გახდა. შეტევის ქვეშ მოექცა კიევის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და მიკოლაივის ოლქები.
რუსეთი სწორედ ასე აჩვენებს მსოფლიოს, რომ ომის გაგრძელებას აპირებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტებს რეაგირება მოჰყვეს "დიდი შვიდეული' ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ამჟამად სამიტზე იკრიბებიან. ეს რეაგირება უნდა იყოს მკაფიო და ქმედითი - მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ადამიანების სიცოცხლის დაცვაში", - წერს ზელენსკი.