უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტარმპი 14 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მომავალში კიდევ ერთ საუბარს გამართავენ უკვე დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში.
ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან. მას დაბადების დღე მივულოცე და საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ მრავალი საკვანძო საკითხი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობაცაა. პრეზიდენტ ტრამპს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ძალისხმევაში წარმატებები ვუსურვე. ასევე მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მადლიერებით გვახსოვს ამ მხარდაჭერის ყოველი ნაბიჯი - Javelin-ებიდან დაწყებული, Patriot-ებით დამთავრებული.
განვიხილეთ ისეთი საკითხები, რაც დაგვეხმარება მშვიდობასთან მიახლოებაში, მე ვაცნობე პრეზიდენტს ბრძოლის ველზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ჩვენი პოზიციების გამყარების შესახებ. შევთანხმდით, რომ უფრო მეტს განვიხილავთ დიდი შვიდეულის სამიტზე ჩვენი შეხვედრის დროს. გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის წინსვლას და სიცოცხლის დაცვას“,- წერს ზელენსკი.