Bloomberg-მა დასავლურ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სთან 8-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ირანმა, სარაკეტო მარაგები, სავარაუდოდ, ახალი რუსული იარაღით შეავსო და მნიშვნელოვნად აღადგინა თავისი სარაკეტო არსენალის ნაწილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ირანს აძლევს შესაძლებლობას, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში თითქმის სრული ძალით განახორციელოს საპასუხო დარტყმები.
დაზვერვის შეფასებით, თეირანს ამჟამად აქვს ომის დაწყებამდე არსებული სარაკეტო მარაგების დაახლოებით სამი მეოთხედი და შეუძლია მისი მარტივად გაზრდა. მათ შორის, სავარაუდოდ, შედის რუსული წარმოების რაკეტებიც, რომლებიც, შეფასებების მიხედვით, გასულ წელს იქნა მიწოდებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანს დარჩენილი აქვს სარაკეტო მარაგის მხოლოდ დაახლოებით 21-22% .
თუმცა მარტში გაკეთებული სადაზვერვო შეფასებით, ირანს იმ დროს ომის აქტიური ფაზის განმავლობაში ომამდე არსერბული დაახლოებით 60% სარაკეტო მარაგი ჰქონდა დარჩენილი.
28 თებერვლიდან 8 აპრილამდე, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლამდე, ირანმა რეგიონში 1 850-ზე მეტი რაკეტა და სულ მცირე ორჯერ მეტი „შაჰედის“ ტიპის დრონი გაუშვა.
აშშ-ისა და ისრაელის შეფასებით, ომის პირველი თვის განმავლობაში მათ ირანული გამშვები დანადგარების დაახლოებით ორი მესამედი გაანადგურეს.
აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის შეტევითი პოტენციალი დაახლოებით 90%-ით შემცირდა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და გამშვები დანადგარების ნაწილი ნანგრევებში მოჰყვა, მას შემდეგ, რაც იარაღის საწყობების შესავლელები ნანგრევებით ჩაიკეტა. ვარაუდობენ, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი გამოიყენა ამ საცავების ხელახლა გასახსნელად და მარაგების გადასაადგილებლად.