BBC ტრამპის გარემოცვის ათეულობით წარმომადგენლის დაკითხვას ითხოვს.
BBC სასამართლოს მეშვეობით ცდილობს მიიღოს ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი გარემოცვის ათეულობით წარმომადგენლისგან იმ სარჩელის ფარგლებში, რომელიც ტრამპმა მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის მონტაჟთან დაკავშირებით შეიტანა.
როგორც Bloomberg წერს, BBC-მ ბოლო კვირების განმავლობაში 47 უწყება გაუგზავნა ტრამპის ოჯახის წევრებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და სხვა ფედერალურ უწყებებს. მაუწყებელი ცდილობს დაადგინოს, რა განზრახვა და დამოკიდებულება ჰქონდა ტრამპს იმ გამოსვლის დროს, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე წარმოთქვა.
მათ შორის, ვისგანაც BBC ინფორმაციას ითხოვს, არიან დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა ტრამპი, ჯარედ კუშნერი, სტივ ბენონი, სტივენ მილერი და მაიკლ ფლინი.
ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ ერთობლივ განცხადებაში ტრამპის ადვოკატებმა და BBC-მ სასამართლოს შესაბამისი მოსმენის დანიშვნა სთხოვეს.
ტრამპი ამტკიცებს, რომ მოთხოვნები „კომპრომატების ძიებას“ წარმოადგენს, ხოლო BBC აცხადებს, რომ თავად ტრამპის სარჩელმა გახადა მისი ქმედებებისა და განზრახვების შესწავლა საქმის განხილვის საგანი.
მაუწყებლის განცხადებით, საქმის მოსაგებად ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ არ მოუწოდებდა და არ ახალისებდა მათ.
„მოსარჩელემ თავად დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში ცილისწამების სარჩელის შეტანით, ამიტომ მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს იმ ჩანაწერების მოთხოვნას, რომლებიც ნათელს მოჰფენს მის ცოდნას, განზრახვებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გამოსვლის დროს“, - აცხადებენ BBC-ში.
შეგახსენებთ, ფლორიდის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ტრამპმა BBC ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტი ტელეკომპანიისგან ათ მილიარდ დოლარს მოითხოვს.