რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში ომს სულ მცირე 707 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„4 ივნისი აგრესიის უდანაშაულო ბავშვი მსხვერპლების საერთაშორისო დღეა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 707 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა. თითოეული მათგანი წართმეული სიცოცხლე და მომავალია. რუსეთმა ამ დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ომის შედეგად 2 548 ბავშვი დაშავდა, ხოლო 2 317 არასრულწლოვანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
უწყების განცხადებით, 20 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი უკანონოდ იქნა დეპორტირებული ან იძულებით გადაყვანილი რუსეთის ტერიტორიაზე. მათგან სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 2 212 ბავშვისთვის გახდა შესაძლებელი.
„თითოეული ეს რიცხვი კონკრეტული ბავშვის ბედს, ოჯახურ ტრაგედიასა და ომის მძიმე შედეგებს ასახავს“, - აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.