სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე დრონებით განხორციელებული შეტევის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა. რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი იყო.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ამავე დროს, ადგილობრივები სოციალურ ქსელებში აფეთქებებისა და ძლიერი ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ. Telegram-არხმა Astra-მ და სხვა რუსულმა მედიარესურსებმა გაავრცელეს ფოტო და ვიდეომასალა, რომლებზეც, მათი მტკიცებით, ნავთობტერმინალზე გაჩენილი ხანძარია ასახული.
დარტყმის შედეგებისა და ობიექტისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.