ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ განაცხადა, რომ უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ ლაბორატორიად იქცა.
ამის შესახებ მან ვილნიუსში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ილაპარაკა.
„უკრაინა ახლა თავდაცვითი ტექნოლოგიების, უპილოტო სისტემების, ელექტრონული ბრძოლის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დამიზნებისა და სხვა მრავალი მიმართულების ყველაზე მოწინავე რეალური ლაბორატორიაა, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ნატო უკრაინის გამოცდილებისგან ბევრს სწავლობს და უკრაინა „ინოვაციების ცენტრად“ იქცა.
„უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ დღეს და ხვალ ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. უკრაინა ახლა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, რეალური ლაბორატორიაა“, – თქვა შეკერინსკამ.
შეკერინსკას თქმით, უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს უსაფრთხოებასთან, ამიტომ ალიანსის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
მისი თქმით, ნატო-ს პროგრამა PURL-ის ფარგლებში უკრაინამ უკვე მიიღო Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების დაახლოებით 70% და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამოყენებული საბრძოლო მასალის 90%.
მისიბე თქმით, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონები და საბრძოლო მასალა, თანაც „სწორედ ახლა“.
„უკრაინა აღარ არის მხოლოდ უსაფრთხოების მიმღები, ის სულ უფრო მეტად ხდება უსაფრთხოების მიმწოდებელი“, - აღნიშნა შეკერინსკამ .