უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან სომხეთის მიმართით გაკეთებული განცხადებების შემდეგ ევროკავშირს მოუწოდა, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს უსაფრთხოებას და არ დატოვოს მხარდაჭერის გარეშე ის ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა რუსეთის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
მისი თქმით, „რუსეთი ახლა უკვე სხვა მეზობელ ქვეყნებსაც ემუქრება, ბევრად უფრო ღიად, ვიდრე ადრე“.
„რუსეთის მეზობელმა თითოეულმა ქვეყანამ გაიგო სიტყვები სომხეთზე - იმ ხალხზე, რომელსაც ერთადერთი უფლება აქვს და თავად უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი. და ის, რასაც რუსეთი სომხეთზე ამბობს, სინამდვილეში მხოლოდ მას არ ეხება.
ყველამ უფრო მეტად უნდა იფიქროს უსაფრთხოებაზე, მეტი ერთობლივი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა პოლიტიკური პარტნიორობები მუშაობდეს, განვითარდეს თანამედროვე თავდაცვითი წარმოება და თანამედროვე თავდაცვის შესაძლებლობები, ასევე მაქსიმალურად მრავალმხრივი და დივერსიფიცირებული ეკონომიკური კავშირები. რათა არავინ იყოს დამოკიდებული რუსეთზე და არ მისცეს მას ხალხის შანტაჟის ინსტრუმენტები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროპისა და განსაკუთრებით ევროკავშირის პოზიციები ამ საკითხზე იქნება მკაფიო, ძლიერი და დროული.
„არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არ აქვს უფლება დაკარგოს არც ერთი ხალხი და უყურადღებოდ დატოვოს არც ერთი ქვეყანა. საჭიროა სომხეთის მხარდაჭერა, მოლდოვის მხარდაჭერა, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა, აზერბაიჯანის მხარდაჭერა. აუცილებელია მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც და ეს საერთო ევროპული ამოცანაა. არავინ უნდა დაიკარგოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.