"ქართულმა დასმა" დღეს, პარლამენტში სოფლის მეურნეობისა და მისი დაფინანსების პროექტის პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრეზენტაციაზე "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, დღეისთვის საქართველოში სათესლე მასალა დეფიციტური და უხარისხო გახდა.
"გლეხი აღარ აწარმოებს სათესლე მასალას და იგი დამოკიდებულია იმპოტირებულ გენმოდიფიცირებულ თესლზე. აღნიშნულმა კი ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების გადაგვარება გამოიწვია. ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მეთესლეობის პროგრამის განხორციელება, რომლის პოტენციალი საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისი შეფასებით, მეთესლეობის პროგრამის განხორციელებას სათავეში მიწადმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უნდა ჩაუდგეს.
დეპუტატის თქმით, წლიურად საქართველოს 25 ათასი ტონა ხორბლის თესლი, 4,5 ათასი ტონა სიმინდის, 0,3 ათასი ტონა მზესუმზირის, 10 ათასი ტონა ქერის, 135 ათასი ტონა კარტოფილის, 0.08 ათასი ტონა ბოსტნეულის, 3,2 ათასი ტონა მრავალწლიანი ბალახების, ათასი ტონა ერთწლიანი ბალახების და 0,5 ათასი ტონა პარკოსანი კულტურების თესლია საჭირო.
ამასთა, ბაღათურიას თქმით, სასოფლო-სამეურნეო ფართობების გასარწყავება მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობა.
ამ კუთხით საქართველოში მიწის გასარწყავების პოტენციალი 481 000 ჰექტარზეა, თუმცა დღეისთვის მხოლოდ 60 000 ჰექტარი ირწყვება.
რაც შეეხება ტექნიკას, "ქართულ დასში" აცხადებენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ აგრო-სერვის ცენტრების ქსელები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით შექმნას.
"სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მიწათმოსარგებლისთვის და სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფის გლეხური და ფერმერული მეურნეობები", - აღნიშნა ბაღათურიამ.