უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 24 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელა და სხვადასხვა ტიპის 90 რაკეტა და 600 დრონი გამოიყენა, მათ შორის „ორეშნიკიც“.
საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა დაადასტურა, რომ „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტა ბილა ცერკვას რაიონის მიმართულებით იქნა გამოყენებული.
სამხედროების წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 604 საჰაერო სამიზნე გაანადგურა ან ჩაახშო - მათ შორის 55 რაკეტა და 549 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
მათ შორის იყო: 1 საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა; 2 აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 „კინჟალი“; 3 ანტისაზღვაო რაკეტა 3М22 „ცირკონი“;30 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-М“/С-400-დან, საიდანაც 11 გაანადგურეს ან ჩაახშეს; 54 ფრთოსანი რაკეტა Х-101/„ისკანდერ-К“/„კალიბრი“, საიდანაც 44 გაანადგურეს ან ჩაახშეს; 600 დრონი, საიდანაც 549 გაანადგურეს ან ჩაახშეს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის იერიშის მთავარი მიმართულება კიევი იყო.
წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირდა 16 რაკეტისა და 51 დამრტყმელი დრონის მოხვედრა 54 სხვადასხვა ლოკაციაზე, ხოლო დრონების ნამსხვრევები 23 ადგილზე ჩამოვარდა.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, 19-მა რუსულმა რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია. მათი შესაძლო ჩამოვარდნის ადგილები ზუსტდება.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დილის მდგომარეობით, შეტევა კვლავ გრძელდება და ცაში რამდენიმე რუსული დრონი რჩება.