აშშ-ის პრეზიდენტის. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმი ძირითადად შეთანხმებულია და ჰორმუზის სრუტეც მალე გაიხსნება.
ტრამპის თქმით, შეთანხმების საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ განიხილება და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მისივე განცხადებით, დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ჰორმუზის სრუტის გახსნაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სატელეფონო საუბრები გამართა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან. ასევე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც.
„შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია და მისი საბოლოო გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს. ცალკე მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ „ბიბი“ ნეთანიაჰუსთანაც, რომელიც ასევე ძალიან კარგად წარიმართა. შეთანხმების საბოლოო ასპექტები და დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გამოცხადდება. შეთანხმებით, სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მედიის ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, მათ შორის ლიბანში კონფლიქტის დასრულებასაც მოიცავს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ირანისთვის გაყინული 25 მილიარდი დოლარის განბლოკვას უსაფრთხოების სფეროში სტაბილიზაციის სანაცვლოდ.
გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, ჰორმუზის სრუტის რეგიონში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა უნდა შემცირდეს, ხოლო ამერიკული ჯარები ირანის საზღვრებიდან უფრო შორს განთავსდეს.
პროექტი ასევე განსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რომლის განმავლობაში მხარეებმა ბირთვული შეთანხმების საბოლოო პირობები უნდა შეათანხმონ. პარალელურად, ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტისა და კონტროლის ტექნიკური პირობები უნდა დააფიქსირონ.