უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ 20 მაისს კიევსა და ბუდაპეშტს შორის უნგრული უმცირესობის უფლებების საკითხზე კონსულტაციები დაიწყო.
მისი თქმით, უნგრელ კოლეგა ანიტა ორბანისა და უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკათან ერთად, კიევსა და ბუდაპეშტს შორის ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით ექსპერტთა დონეზე კონსულტაციები დაიწყო.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს უნგრეთთან ურთიერთობებში „ახალი თავის“ გახსნას, რომელიც ურთიერთსასარგებლო და ნდობაზე დაფუძნებული იქნება. მან ასევე მადლობა გადაუხადა უნგრეთს რუსეთის ბოლო დარტყმების დაგმობისთვის, მათ შორის -ზაკარპატიეში.
„უკრაინა სერიოზულად ეკიდება ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მათი დაცვის ვალდებულებას ინარჩუნებს. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის და ეს იქნება შესაძლებლობა როგორც უნგრელებისთვის, ისე უნგრული უმცირესობის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად.
„ხაზი გავუსვი, რომ ახლა მნიშვნელოვანია შეიქმნას მყარი საფუძველი, რათა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერი უკვე მაისში გაიხსნას, ხოლო ივნისში - კიდევ ხუთი. მე და ჩემს უნგრელ კოლეგას საერთო მიზანი გვაქვს - გამოვიყენოთ ეს მომენტი და მივაღწიოთ შედეგებს“, - დაწერა ანდრი სიბიჰამ.