აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით ლაბორატორიული შესაძლებლობების შეფასებისა და დარგში არსებული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტი ბენუა გლაუდი ეწვია. ვიზიტის მიზანი საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის, დიაგნოსტიკური შესაძლებლობებისა და მიმდინარე კვლევების შეფასება, ასევე მათი ევროკავშირის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა იყო.
„FAO-ს ექსპერტმა აკვაკულტურის მიმართულებით ჩვენს სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრები და ინტერვიუები გამართა, რომლის ფარგლებში შეფასდა ლაბორატორიის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან. ასევე გამოვლინდა არსებული საჭიროებები და განისაზღვრა სამომავლო სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში აკვაკულტურის სფეროში სურსათის უვნებლობის სისტემის განვითარებისა და გაძლიერების, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ ანა გულბანმა.
მიღებული შეფასებები ხელს შეუწყობს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ლაბორატორიული მიმართულებების განვითარების გეგმების შემუშავებას, რაც მიზნად ისახავს საქართველოში აკვაკულტურის სექტორის ეფექტიანობის ამაღლებასა და სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერებას.