მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, ომის დინამიკა იცვლება. ამის შესახებ გამოცემა The Economist წერს
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის დანაკარგები კვლავ უკიდურესად მაღალია, ხოლო გაზაფხულის შეტევა ფაქტობრივად შეჩერებულია.. ასევე გამოცემა წერს, რომ ის ფაქტი, რომ თუნდაც ცეცხლის დროებით შეწყვეტამაც ვერ იმუშავა, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში არ დასრულდება.
გამოცემის ანალიზის მიხედვით, წელს რუსეთმა პირველად 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგებიც განიცადა.
ჟურნალისტების შეფასებით, რუსეთი მძიმე დანაკარგებს განიცდის, მაშინ როცა ფრონტზე მხოლოდ შეზღუდულ წარმატებებს აღწევს. მათი თქმით, ბრძოლის ველი სულ უფრო რთული ხდება, რადგან უკრაინული დრონები უკვე ფრონტის ხაზის მიღმაც მოქმედებენ და რუსულ ძალებს დევნიან, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რუსული დანაყოფების გადაადგილებასა და ფრონტის ხაზზე გადაყვანას ისე, რომ ისინი სამიზნედ არ იქცნენ.
ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, რომ რუსული ძალები ჯერ კიდევ ნელა, მაგრამ მაინც აგრძელებენ წინსვლას. თუმცა გამოცემა საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წელს რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 220 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 0.04%-ს შეადგენს.
ამასთან, როგორც ჟურნალისტები წერენ, ბოლო პერიოდში უკრაინამ გარკვეული ტერიტორიების დაბრუნებაც დაიწყო. მონაცემებით, ერთ თვეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 189 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს.
გამოცემა ვარაუდობს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზაფხულის შეტევის მომზადებას აჭიანურებს, რაც, მათი შეფასებით, შესაძლოა ომში გარდამტეხი მომენტიც გახდეს.