უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს, მათ შორის დაღესტანში მდებარე სასაზღვრო საპატრულო ხომალდზე.
ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
მისი ინფორმაციით, 16-17 მაისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა 46 სამხედრო სამიზნეზე 186 დარტყმა მიიტანეს, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ რეგიონებში.
დაღესტნის ქალაქ კასპიისკში დარტყმის შედეგად დაზიანდა პროექტ 10410-ის სასაზღვრო საპატრულო ხომალდი.
ლუჰანსკის ოლქში უკრაინულმა ძალებმა „ტორ-М2“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს, ხოლო ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიული კავშირის კვანძს დაარტყეს.
დონეცკის ოლქში განადგურდა საწვავით დატვირთული მატარებელი, რუსული სამხედრო დანაყოფის სამეთაურო პუნქტები, უპილოტო აპარატების მართვის ცენტრი და ლოჯისტიკური საწყობები.
გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და სატელეკომუნიკაციო ანძები.