მთავრობის მიერ ინიცირიებული კანონპროექტის თანახმად, საჯარო სექტორში აღდგება სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოების გაცემის პრაქტიკა.
"საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში". - ნათქვამია კანონპროექტში.
ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულ პირებს, მიეცემათ ფულადი ჯილდო ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
განმარტებით ბარათში წერია, რომ „სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის შრომის სტიმულირების მნიშვნელოვან მექანიზმს“. ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ ამ პირთა წრეზე მოდის „განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი“, რის გამოც ფინანსური წახალისება „მნიშვნელოვან ბერკეტად“ განიხილება.
"მაღალჩინოსნების მოადგილეების შემთხვევაში "არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რეალური საფრთხე, ვინაიდან, მათ (მოადგილეების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უშუალოდ აკონტროლებენ ზემდგომი თანამდებობის პირები. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა მოადგილეების მხრიდან საკუთარი შრომის "წახალისების" შესაძლებლობა", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.