აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა, მოემზადონ ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის, თეირანის მიმართ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლის მოთხოვნის ფონზე. ამის შესახებ Wall Street Journal იუწყება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო შეხვედრების დროს ტრამპმა გადაწყვიტა, გააგრძელოს ზეწოლა ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკელი ლიდერი მიიჩნევს, რომ სხვა ვარიანტები, კერძოდ, დარტყმების განახლება ან კონფლიქტიდან გასვლა, უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე ბლოკადის გაგრძელება.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს სურს, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტე „რაც შეიძლება მალე“ გახსნას.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა მიანიშნა, რომ შესაძლოა მზად იყოს დათანხმდეს ჰორმუზის სრუტის გახსნის დროებით შეთანხმებას, ვაშინგტონის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტის და უფრო რთული ბირთვული მოლაპარაკებების გადადების სანაცვლოდ.