„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული ტელევიზიების ფოკუსი ბიძინა ივანიშვილის და მისი ქველმოქმედებისკენ არის მიმართული. ამით უშედეგოდ ცდილობენ ისრები რადიკალების კრახიდან თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბურ პოლიტიკურ ფიგურაზე გადაიტანონ, რადგან მხოლოდ ასე თუ გადაფარავენ განულებულ ოპოზიციურ რეიტინგებს და შიდა დაპირისპირებებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული მედია საშუალებები ცდილობენ გადაფარონ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება და დაამახინჯონ ფაქტები.
„უხარისხო სიუჟეტები ყოველწლიური გეგმის ცენტრალური ხაზია. მასშტაბური ქველმოქმედებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეებს თუ რამით არ გადაფარავენ, თუ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არ უარყვეს, საკუთარი მავნებლობები რით გაამართლონ? მაგრამ ფაქტები ჯიუტია: სამების ტაძარი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, თავისუფალი, მოზარდმაყურებელთა, თუმანიშვილის მარიონეტების, მუსიკისა და დრამის თეატრები, ფილარმონია, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, პირველი კლასიკური გიმნაზია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აღდგენილი და რესტავრირებული 540 ტაძარი და ძეგლი, ასობით აშენებული და გარემონტებული სკოლა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დელფინარიუმი, დაფინანსებული ანსამბლები, ფიზიკურად განადგურების პირას მყოფი მსახიობებისა და ხელოვნების მუშაკების მიმართ გაწეული ქველმოქმედება - ეს ყველაფერი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების ნაწილია. ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და დაფინანსებული განათლება - მისი ქველმოქმედების შედეგია“ , - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2012 წელს ქართულ პოლიტიკაში მოსვლა იყო.
„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი - საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება გვერდით გადადო, ჩვენთვის უკრაინის სცენარი კოშმარულ რეალობად იქცეოდა. ადამიანი, რომელიც ფარულად, მსოფლიო აუქციონებზე ქართულ საგანძურს, იოანე ზოსიმეს ხელნაწერებსა და ფიროსმანის ტილოებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან ნივთებს სამშობლოს უბრუნებს, დღეს რადიკალების თავდასხმებისა და დისკრედიტაციის სამიზნე ხდება. და თან, როგორი ირონიულია, ვინ უწუნებს ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილს?! ხალხი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხანდაზმულ ადამიანს ადგილსაც არ დაუთმობს და ამას ლიბერალური იდეოლოგიით გაამართლებს. რაზეც დღეს ჩვენ აწმყოში ვსაუბრობთ, გავა დრო და ისტორიულ მატიანეში საამაყო ეროვნულ საქმედ ჩაიწერება“, - განაცხადა ნინიო წილოსანმა.