სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარკისიანმა ქართველ კოლეგასთან, ნიკოლოზ გილაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შემოღებულ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ავტოსამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი ნორმის მიხედვით, საქართველოდან სომხეთში შესულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა უნდა შეიძინონ სადაზღვევო პოლისები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 1-ლი იანვრიდან საქართველოში შემოღებულია გზების დაცვის გადასახადი სატვირთო ავტომანქანებისთვის.
"შევთანხმდით პრემიერ-მინისტრთან, რომ ეს ფუნქციები უნდა განხორციელდეს ისეთი სახით, რომ მინიმუმამდე იყოს შემცირებული ყოველგვარი უხერხულობები და შესაბამისად შენარჩუნებული იქნას ფინანსური დანახარჯების პარიტეტი", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებისას ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.
"ქართველ კოლეგასთან განხილულ იქნა საკითხები, რომელიც სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია და მიღწეულ იქნა შეთანხმებები შემდგომ მუშაობაზე ერთიანი საბაჟო პუნქტების სისტემის ფორმირების სფეროში. ასევე გზების მშენებლობაზე და სომხეთ-საქართველოს საზღვრის ავტოტრანსპორტით გადაკვეთის საკითხში" - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მისი თქმით, განხილულ იქნა სოციალურ ეკონომიკური პრობლემები, ინფლაციასთან ბრძოლის საკითხები და ამ პრობლემის გადასაჭრელად გაზიარებულ იქნა ურთიერთგამოცდილება.
მხარეებმა განიხილეს სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს სერჟ სარგსიანსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარე წლის 22-23 იანვარს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხები.