ძალიან კონკრეტული გზავნილი გვაქვს საზოგადოებისთვის, ჩვენ ქართული სცენარით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო უკან, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა, საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გავაძლიეროთ ეკონომიკა. ამისთვის გვჭირდება ერთ მუშტად შეკვრა. 26 მაისს გვინდა, ყველანი ერთად შევიკრიბოთ რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ ვთქვათ ჩვენი გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისთვის. ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, არ არის ნორმალური. ჩვენ არ გვინდა იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა, არ გვინდა დამოუკიდებლობაშებღალული საქართველო. ჩვენ გვინდა მძლავრი, ძლიერი, რეგიონში ლიდერი საქართველო. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ალიანსს აქვს ძალიან მკაფიო ნაბიჯები დაგეგმილი. პირველი დიდი ნაბიჯი არის 26 მაისი. დანარჩენს გვაჩვენებს დრო, დარწმუნებული ვარ, მოვა ის დრო, როცა ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი უარს ეტყვის იმ უბედურებას, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“.
საყოველთაო მობილიზაცია, თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება, სწრაფი განვითარება, ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. გვინდა, ბედნიერად ცხოვრობდეთ ამ ქვეყანაში. არასოდეს გავყოფთ ადამიანებს და პოლიტიკური შეხედულების გამო ციხეში არ გავუშვებთ, სხვებს არ დავაჯილდოებთ. ყველა იქნება თანაბარი კანონის წინაშე. ასეთი ქვეყანა იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად“, – აღნიშნა ვაშაძემ.