კობახიძის მიერ დაანონსებული ფასების შემცირება და მილიონერებისგან შემდგარი ფასების შემსწავლელი კომისია ფარსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა თამაზ დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"აღდგომის დღესასწაულის დროს სასურსათო პროდუქტების შესყიდვის პროცესში, საქართველოს მოქალაქეებმა ცხადად დაინახეს, რომ 4 თვის წინ, კობახიძის მიერ დაანონსებული ფასების შემცირება და მილიონერებისგან შემდგარი ფასების შემსწავლელი კომისია ფარსი აღმოჩნდა.
ფასების ზრდა გრძელდება: 2026 წლის მარტში, ფასების შემცირების ნაცვლად, წლიური ინფლაცია სურსათზე 7.5% იყო. კერძოდ, თევზეული - 21.2%, ხილი და ყურძენი 13.4%, პური და პურპროდუქტები 9.6%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.6%, ზეთი და ცხიმი 7.7%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5.3%, ბოსტნეული და ბაღჩეული 4.9%, რძე, ყველი და კვერცხი 4.5%.
2012 წელს დაპირებული ელექტროენერგიის ფასის განახევრების მიუხედავად, 1 აპრილს, 30%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ყველა სხვა პროდუქტის ფასზე.
მეფრინველეობის ასოციაციამ უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ ელექტოენერგიისა და საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა აუცილებლად გამოიწვევს კვერცხის კიდევ უფრო მეტად გაძვირებას.
ამ ფონზე, ქართული ოცნების კომისიამ ის დაადგინა, რაც ყველამ ვიცოდით - საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. 2012 წლიდან დღემდე ოცნებამ სოფლის მეურნეობაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შემცირებულია, პროდუქტიულობა არ გაზრდილა და ყველა ძირითადი სასურსათო პროდუქტი იმპორტირებულია.
პროპაგანდისტული მიზნით შექმნილი კომისია შედეგს რომ ვერ მოიტანს, ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმაც ისაუბრა და ბოლოს "ქართული ოცნების" წევრებმაც კი აღიარეს.
"ქართული ოცნება" მოქალაქეებს ატყუებს, ფასების ზრდა გრძელდება და სასურსათო პროდუქტების შესყიდვა კი მოქალაქეებისთვის სერიოზული პრობლემა ხდება.
ამ ვითარებაში, ამაზე ვინმე პასუხისმგებლობას იღებს?! კითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან. ის პათოლოგიური მატყუარა, საკუთარ თავს პრემიერს რომ ეძახის, გაყიდვების თანამშრომელი რომ არის "იგლს ჰილსში", აი, ეს მატყუარა, იღებს პასუხისმგებლობას ამ მასკარადზე, რომელიც ქართველ ხალხს მოუწყო და რომლის ბოლოშიც აბსოლუტურად ყველ პროდუქტი გაძვირდა?!ვინმე სთხოვთ "ქართულ ოცნებიდან" პასუხისმგებლობას ამ არარაობას და სხვა მისნაირებს, რომლებიც გატყუებდნენ თვეების მანძილზე, რომ რაღაც კომისია, რაღაც ფასებს გაგიიაფებდათ. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც ამ კომისიის მუშაობის მანძილზე მინიმუმ 30%-ით ცხოვრება გაუძვირდათ. თურმე ახლა აღმოაჩინეს, რასაც ამ კომისიის დაწყების დღიდან ვამბობდით, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ფასების შემსწავლელი კომისია ვერაფერს დაადგენდა და ვერანაირ შედეგს გამოიღებდა. აი, ეს აღმოაჩინეს ამ ყველაფრის ბოლოს.
კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხის შესახებ დადგეს კონკრეტული ადამიანის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა, ვინც ამ პათოლოგიური ტყუილებით ავსებდა საქართველოს მოქალაქეებს და ვინც, სხვათა შორის უკანასკნელი დღეებია გამქრალია "ქართული ოცნების" ყველა რადარიდან, არსად ჩანს და მის კაბინეტში მის გარეშე რაღაც კარუსელებზეა ლაპარაკი", - განაცხადა დათუნაშვილმა.