იტალიის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი რომის პაპ Leo XIV-ის შესახებ „მიუღებელი“ განცხადებების გამო.
„მე პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს წმინდა მამასთან დაკავშირებით მიუღებლად მივიჩნევ. პაპი კათოლიკური ეკლესიის ლიდერია და სრულიად სწორი და ბუნებრივია, რომ ის მშვიდობისკენ მოუწოდებს და გმობს ომის ყველა ფორმას,“ - განაცხადა მელონიმ
კვირას საღამოს ტრამპმა გააკრიტიკა პაპის პოზიცია ირანის ომის საკითხზე და პონტიფიკს „საგარეო პოლიტიკისთვის საშინელი“ უწოდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომელიც ამბობს, რომ ბირთვული იარაღის ფლობა ნორმალურია… ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არ ღირს თამაში ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ცდილობს ბირთვული იარაღის მიღებას, რათა მსოფლიო გაანადგუროს… მე არ ვარ პაპ ლეოს მხარდამჭერი....
პაპი ლეო სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში“, - დაწერა ტრამპმა. მან ასევე დაამატა, რომ არ სურს პაპი, რომელიც ნორმალურად მიიჩნევს, რომ ირანს შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ან რომელიც „საშინლად“ აფასებს იმას, რომ ამერიკამ ვენესუელას დაარტყა.
„და მე არ მინდა პაპი, რომელიც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს“, - დაამატა მან.
როგორც გამოცემა Politico წერს, რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ „ყოვლისშემძლეობის ილუზია“ ამოძრავებს და პოლიტიკურ ლიდერებს დაუყოვნებლივ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„საკმარისია საკუთარი თავისა და ფულის კერპად ქცევა! საკმარისია ძალის დემონსტრირება! საკმარისია ომი!" - განაცხადა პაპმა.