ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რეჟიმის მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, მოლაპარაკებები გრძელდება და ის კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, რასაც საჯაროდ ამბობენ, განსხვავდება იმისგან, რასაც პირად საუბრებში გვეუბნებიან“, - განაცხადა ლევიტმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა.
„დღეს ოცდამეათე დღეა. ასე რომ, გამოთვალეთ, რამდენი დრო რჩება პენტაგონს ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" მიზნების სრულად მისაღწევად“, – განაცხადა ლევიტმა.
ლევიტის განცხადებით, აშშ-მა დღემდე 11000 სამიზნეს დაარტყა.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები ირანის თავდაცვითი სამრეწველო ბაზის განადგურებას აგრძელებს. მათი რაკეტების, დრონებისა და საზღვაო საწარმოო ობიექტებისა და გემთსაშენების დაახლოებით 70% დაზიანებული ან განადგურებულია“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ლევიტს შეკითხვა დაუსვეს, არის თუ არა დონალდ ტრამპი დაინტერესებული, რომ არაბულ ქვეყნებს მოუწოდოს, დააფინანსონ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში, რაზეც ლევიტმა აღნიშნა, რომ არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, თუმცა ტრამპს ეს იდეა აქვს.