სამგლოვიარო პროცესია სამების ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება. ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს
პატრიარქს სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ. სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.
სამების ტაძარში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.