რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მკვლელობის მცდელობის ინსცენირებას გეგმავდა, აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მისი შედეგების გაუმჯობესევისთვის. ამის შესახებ The Washington Post ევროპის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, გასულ თვეში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა დანაყოფმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მკვეთრი შემცირების გამო განგაშის ატეხვა დაიწყო.
ევროპის სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ რუსი აგენტების შიდა ანგარიშში საუბარია ისეთი სტრატეგიის განხორციელების აუცილებლობაზე, რომელსაც შეუძლია „ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“. ეს არის ორბანზე „მკვლელობის მცდელობის“ ორგანიზება.
„ასეთი ინციდენტი კამპანიის აღქმას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე რაციონალური ფოკუსიდან ემოციურზე გადაიტანს, სადაც მთავარი თემები სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და პოლიტიკური სისტემის დაცვა იქნება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლიტიკური გავლენის ოპერაციების მთავარი დანაყოფის ანგარიშში.
როგორც გამოცემა წერს, ორბანზე ფიზიკური თავდასხმები აქამდე არ მომხდარა. თუმცა, მოყვანილი ფაქტები ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია ფსონები რუსეთისთვის უნგრეთის არჩევნებში.
ორბანის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა, არ უპასუხა შეკითხვას რუსეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევის ან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ცნობების დაზვერვის ანგარიშზე „დეზინფორმაციაა“.