კუბის ქალაქ მორონში მომიტინგეების ჯგუფმა მმართველი კომუნისტური პარტიის ოფისს თავს დაესხა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება და სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც Reuters აღნიშნავს, ეს შემთხვევა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისით, რომელიც გამწვავდა აშშ-ს მიერ ნავთობის მიწოდების ბლოკადის გამო.
გაზეთ Invasor-ის ცნობით, ქალაქ მორონში ელექტროენერგიის გათიშვისა და საკვების დეფიციტის წინააღმდეგ მშვიდობიანად დაწყებული მიტინგი მოგვიანებით ძალადობრივ პროცესებში გადაიზარდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ცეცხლი, როგორ ესვრიან ადამიანები ქვებს შენობის ფანჯრებს და ისმის შეძახილები „თავისუფლება!“.
საინფორმაციო სააგენტო AP იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად მმართველი პარტიის ოფისი ნაწილობრივ განადგურდა.
კუბის ხელისუფლებამ მომხდარს „ვანდალიზმის აქტი“ უწოდა. მათივე ცნობით, დაკავებულია ხუთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
AFP-ის ცნობით, კუბის ხელისუფლება ახშობს განსხვავებულ აზრს და ხანგრძლივი პატიმრობით სჯის მათ, ვინც ხელისუფლების ოპონენტია. 2021 წელს ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების ზოგიერთ მონაწილეს 20 წლით ან მეტი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამის მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია და სოციალური მედიის მომხმარებლები ახლა საპროტესტო აქციების ახალი ტალღის შესახებ იუწყებიან.
პროტეტსი ეპიცენტრი ჰავანა იყო, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში მოსახლეობა დღეში 15 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. ქალაქი მორონი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ჰავანიდან 500 კილომეტრში მდებარეობს.