დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი სკეპტიკურად შეხვდა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ფრედერიქსენის განცხადებით, ინიციატივა სხვა ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ნორვეგიისა და ფინეთის ამ ინიციატივის მიმართ. ის არცერთ ჩვენგანთან არ ყოფილა შეთანხმებული“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.
დანიის პრემიერის თქმით, ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და ცალკეულმა ქვეყნებმა დამოუკიდებლად არ უნდა იმოქმედონ. „ვფიქრობ, ევროპა ერთიანი უნდა დარჩეს და არა ისე, რომ რომელიმე ქვეყანამ დამოუკიდებლად იმოქმედოს“, - აღნიშნა მან.
ფრედერიქსენმა ასევე განაცხადა, რომ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთს ევროპასთან მშვიდობა სურს. მისი თქმით, რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ჰიბრიდულ ომს.
ფრედერიქსენის განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც სტუბმა და სტორემ 27 ოქტომბერს პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების განცხადებით, მათ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
სტუბის თქმით, საუბარი „გულახდილი დ შინაარსიანი“ იყო. მან აღნიშნა, რომ ომის შედეგები უშუალოდ აისახება როგორც ფინეთისა და ნორვეგიის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე.
ლიდერებმა პუტინთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრნენ და მას განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.