ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრებს შორის „ფართო მხარდაჭერაა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის მიმართ. ამის შესახებ რუტემ Newsmax-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
რუტემ განაცხადა, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია, ამ ოპერაციაში არ არის ჩართული.
„თუმცა, ცხადია, მოკავშირეები ზოგადად მასშტაბურად უჭერენ მხარს პრეზიდენტის ქმედებებს და ასევე მხარს უჭერენ იმას, რასაც აშშ ამჟამად აკეთებს რეგიონში, რაც ირანს ართმევს მის ბირთვულ და, რა თქმა უნდა, სარაკეტო პოტენციალს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელ მოკავშირეებს სერიოზული შეშფოთება აქვთ უსაფრთხოების საკითხებში და მიუთითა ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და მკვლელობის გეგმებზე.
„აქ, ევროპაში, ჩვენ ვიცით ირანის გავლენისა და მისი უარყოფითი შედეგების შესახებ. შეხედეთ მკვლელობის მცდელობებს ნატო-ს ბევრ ქვეყანაში, ევროპაში და ირანულ დიასპორაზე. ჩემი ქვეყანა [ნიდერლანდები] თეირანის რეჟიმის მხრიდან მუდმივი საფრთხის ქვეშაა“, - თქვა რუტემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები „ძირითად მხარდაჭერას“ უწევენ აშშ-ისრაელის კამპანიას ირანის წინააღმდეგ. მისი თქმით, ნატო-ს ძალები მზადყოფნაში რჩებიან, დაიცვან ალიანსის ტერიტორია რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
რუტემ ასევე მიუთითა თურქეთის მიმართ სარაკეტო მუქარასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ინციდენტზე.
„თქვენ ეს დღეს დილით [4 მარტს] ნახეთ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რაკეტის შესახებ, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა და შესაძლოა აშშ-ის ინტერესებისთვის ზიანი მიეყენებინა თურქეთში, მაგრამ ის ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. ასე რომ, ეს მუშაობს. ჩვენ ფხიზლად ვართ“, - აღნიშნა მან.