გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი არასრულწლოვანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილის მგზავრები ადგილობრივები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.