საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში.
მათივე ცნობით, CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან.
„CPT აღნიშნავს, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას. ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე. CPT-ს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 პატიმარზე. დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა.
რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებს შორის ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ანგარიშში დასმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს დეტალური ინფორმაცია უკვე წარედგინა განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით და საჯაროდ ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ გამოცხადებულა დასაშვებად“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს იმყოფებოდა.