ურთიერთობა რომ ჰქონდა კაკულიებთან, არ დაგვიმალავს ჩვენ. დანარჩენს, რომ იცოდა ამ მკვლელობის შესახებ, მგონი გამორიცხულია. ნუ მე ასე ვფიქრობ, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ტვ პირველს“ განუცხადა. ის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, მისი შვილი ბესარიონ ჟვანია, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რის გამოც ბუსა ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა.
"რაც ჩანს, ახლა ურთიერთობა ჰქონდათ და ეს ჩვენ არ დაგვიმალავს და მონაწილეობაზე და იმაზე, რომ იცოდა რამე, ამას არ ვადასტურებთ. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ახლა ურთიერთობა რომ ჰქონდა კაკულიებთან, არ დაგვიმალავს ჩვენ. დანარჩენს, რომ იცოდა ამ მკვლელობის შესახებ, მგონი გამორიცხულია. ნუ მე ასე ვფიქრობ.
ის რომ მონაწილეობდა და იცოდა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია და დანარჩენზე ვნახოთ. ვერ გეტყვით (სად იმყოფება). ადვოკატი არ გვყავს", - თქვა ნინო ჟვანიამ.
თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.