გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული საქართველოს პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გერმანიის ელჩი ბოლო ინტერვიუში, ჩემი აღქმით, საკმაოდ ყალბად, თითქოს წუხილს გამოხატავდა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. აქ მაქვს მარტივი კითხვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებში ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვთ მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ, არცერთხელ არ განახლებულა ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ, სტანდარტულად, ექვს თვეში ერთხელ ხდება ნებისმიერი ქვეყნის მონაცემების განახლება. საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ დაიბარეს, ვისთან მივიდა, ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე, კაბინეტებში თუ კორიდორში? ეს ხომ სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე ვებადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია გერმანიის ელჩს, შემისწოროს, თუ ასე არ არის. გერმანიის ვებადმინისტრატორს თუ რუსეთი არ ავიწყდება, ქვეყანა, რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან, და მის მონაცემებს ანახლებენ, არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ. სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება, ირანზეც რომ აქვთ ხოლმე ძალიან ემოციური ფონზე, ის არ ავიწყდებათ და ა.შ. მთლიანად, არათუ რეგიონი, მსოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებადმინისტრატორს, მითიურ „აიტიშნიკს“, რომელსაც ვინმემ, შეიძლება, დააბრალოს, რომ საქართველო გამორჩა. ის „აიტიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება ქართველი „აიტიშნიკია“ ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. ამაზე მე პირადად, პასუხს ველი. ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.