საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მე ვგულისხმობ „ლელოს“ და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ჰყოლიათ საკუთარ გუნდში, ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული. ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ, როგორიც არის „არაბიზაცია“ და ა.შ. მარტივი სტატისტიკით ყველაფერს ფარდა აეხადა – საქართველოში ბოლო აღწერით, სამი მილიონ 900 ათასი მოქალაქეა. პირველადი მონაცემებით, მხოლოდ დაახლოებით 250 ათასია უცხოელი, ანუ 6,5 პროცენტი. აქედან 220 ათასი არიან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. ეს არის რეალობა, რომ 250 ათასი უცხოელიდან 220 ათასი არის ან ქართველი უცხოური მოქალაქეებით, ან პოსტსაბჭოთა, ამერიკული და ისრაელის მოქალაქეობით. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებენ ე.წ. პროევროპული ძალები, იქნება ეს ირანი, თურქეთი და სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0,7 % მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამით კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა, რომ ე.წ. პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ, მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.