თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, - განაცხადა მან NBC-სთან ინტერვიუში.
მანამდე, Axios-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა.
აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ აშშ-მა ირანს განუცხადა, რომ არ დათანხმდებოდა მის მოთხოვნებს მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის შეცვლის შესახებ.
Axios-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს კატარში გაემგზავრებიან, საიდანაც ისინი ირანელებთან შეხვედრის ნაცვლად მაიამიში დაბრუნებას გეგმავენ.
ამასთან, ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA იუწყება, რომ ირანი და აშშ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს 6 თებერვალს ომანში გამართავენ.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეხვედრის ფორმატი წინა შეხვედრების მსგავსი იქნება - შუამავლის როლს ომანის მხარე შეასრულებს.
ირანის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უხელმძღვანელებს, აშშ-ს წარმოადგენს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ასევე განიხილება აშშ-ის ლიდერის სიძის, ჯარედ კუშნერის შესაძლო მონაწილეობა.