იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ დუბაიში მსოფლიოს მთავრობათაშორის სამიტზე გამოსვლისას საქართველოში საჯარო სერვისების განვითარების კუთხით ჩატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სალიამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი რეფორმა ხორციელდება პრინციპით – არავინ დარჩეს საჯარო სერვისების მიღმა და ყველა რეფორმა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, ხელმისაწვდომი იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით.
„დუბაიში მიმდინარე მსოფლიოს მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და იმ როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს რეგიონული და მსოფლიო ეკონომიკური კონტაქტების განვითარებაში. ჩემს გამოსვლაში, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას; ვისაუბრე ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და იმ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. მსოფლიო მთავრობათაშორისი სამიტი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თავს უყრის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მთავრობებიდან, სადაც განიხილება მთელი მსოფლიოსთვის საერთო მიმდინარე გამოწვევები, არის საუკეთესო ადგილი ახალი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად და სასაუბროდ იმ მიმართულებებზე, რომლებიც შესაძლოა, საინტერესო იყოს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი პარტნიორობისათვის. მე მსოფლიო მთავრობების წარმომადგენლები მოვიწვიე გაერო-ს საჯარო მმართველობის ფორუმზე, რომელიც გაიმართება თბილისში მიმდინარე წლის მაისში“, – განაცხადა პაატა სალიამ.