ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რათა უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ამგვარად, ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რათა უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ამგვარად, ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. და დადგება დღე, როდესაც სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანიდან, და ეს დღე არც ისე შორს არის“.
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტს რეგიონი და უახლოესი მეზობლები წარმოადგენენ: „ძალიან მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლებში ჩვენ შევძელით ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა – ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა დამყარდა, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები“. [BM.GE]
8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებაა. "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.
შეგახსენებთ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო გასული წლის მსგავსად არც წელს არ მიუწვევიათ.