რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრებს, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 16 ადამიანს, მათ შორის 10 არასრუწლოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან დაკავებულების ნაწილი არასრუწლოვანია.
სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობით,
ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.