ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები. ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე - მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა განუცხადა.
შაყულაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არა სამოხელეო, არამედ ფინანსური დანაშაულისთვის დააკავეს.
როგორც ცნბოლია, პროკურატურის განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა და 1 მლნ ლარის დამატებითი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] დააკავეს, რასაც ღარიბაშვილს ედავებოდნენ, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა საპროცესო შეთანხმების შედეგად ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის ვადა 5 წლამდე შეუმცირდა. ყოფილი პრემიერის ადვოკატის ინფორმაციით, ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 2 ავტომობილი და მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა და თანხა ჩამოერთვა. ამასთან, ის ამბობს, რომ სასამართლომ მათი მტკიცებულებები გაიზიარა.
„დღეს მოხდა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამეთუ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარეს, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ეს ყველაფერი ზედმიწევნით იყო შესრულებული, შესაბამისად ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ მხრივ რომ ქარხნის ნაწილში ბრალი აღარ ედება, ბრალი იმაში დარჩა, რომ ქარხნიდან ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, შესაბამისად ეს ის დანაშაულია, რაშიც მან ბრალი აღიარა, კერძოდ სსკ-ის 194-ე მუხლის III ნაწილის გ ქვეპუნქტით. გარდა ამისა, მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, 1 მლნ ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა 2 მანქანა და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში სამოხელეო დანაშაული არ არის, ეს არის ფინანსურ ნაწილში დანაშაული და საფინანსო სექტორში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
როგორც ყველა პატიმარს მასაც აქვს უფლება ვადაზე ადრე გათავისუფლების ან შეწყალების უფლება აქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე - შეიძლება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს, მიხეილ შაყულაშვილმა უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება...“.