აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო დარტყმების რამდენიმე სცენარი წარუდგინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ შეთავაზებული სცენარების თანახმად, თეირანში არსებული არასამხედრო ობიექტები შესაძლოა ამერიკული დარტყმების სამიზნე გახდეს.
თუმცა, წყაროები არ ავრცელებენ დეტალებს იმის შესახებ, თუ რა ობიექტებზეა საუბარი.
გამოცემის წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ ტრამპს ირანზე დარტყმებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა, ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ახალი დარტყმის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.
NYT-ის წყაროების თქმით, ნებისმიერმა სამხედრო მოქმედებამ ტრამპის მუქარა უნდა შეასრულოს, თუმცა, ამავდროულად, ვითარება არ უნდა გააუარესოს.
ამასთან, ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რეგიონში ამერიკელ სამხედროებს შესაძლო იერიშამდე მეტი დრო სჭირდებათ, რათა აშშ-ს სამხედრო პოზიციები გაამყარონ და ირანის მხრიდან შესაძლო საპასუხო იერიშებისთვის მოემზადონ.