შეხვედრა, სადაც რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, არანაირ დამხობაზე არაა საუბარი - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა დაკავებული, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"მე არ ვემიჯნები ამ განზრახ ქმედებებს, დღესაც ასე ვფიქრობთ. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალს. უნდა დაინახოთ, მე პოლიტიკოსი ვარ. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ჩემთვის ჩემი მსაჯულია ჩემი შვილები და ის ვისაც ჩემი სჯერა. პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხთან ერთად. ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ ვინმესთან ერთად ვიყავი, სადაც დაიგეგმა დამხობა. მე აქციაზე ვიყავი. იყო ადამიანი ვინც ამბობდა, რომ არ უნდა მოხვიდეთ და იყო ის, ვისაც სჯეროდა, რომ ქართველ ხალხს რაღაც გადაწყვეტილებაა მიეღო. აქ ამოჭრილია, მე არ ვარ ორგანიზატორი. თუ პოლიტიკურ რიტორიკად ითვლება "ოცნების" განცხადებები ჩვენი რატომ არ ითვლება. არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, პირდაპირი თუ ირიბი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩართული ვიყავი ესაა აბსურდი...
მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა. წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის პროცესი მიმდინარეობს.