რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის Marinera-ს (Bella 1)-ის ეკიპაჟი, რომელიც დღეს აშშ-ის სამხედროებმა ატლანტის ოკეანეში დააკავეს, სავარაუდოდ, აშშ-ის სასამართლოს წინაშე ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის წარსდგება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ტანკერი, რომელიც ვენესუელასთან კავშირშია, სანქცირებული ნავთობის გადაზიდვას ახორციელებდა, რასაც ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ არ მოითმენს.
შესაბამისად, ტანკერი ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს.
„ეს ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ახლა ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარება და საჭიროების შემთხვევაში, მათ შეერთებულ შტატებში ასეთი სისხლისსამართლებრივი დევნისთვის გადაიყვანენ“, - თქვა ლევიტმა.