თურქული მედიის ცნობით, ნავთობტანკერ Elbus-ზე, რომელიც შავი ზღვის გავლით რუსეთისკენ მიემართებოდა, თურქეთის სანაპიროსთან, დრონი თავს დაესხა, რის შემდეგაც მან თურქეთის სანაპირო დაცვას დახმარება სთხოვა და კურსი შეიცვალა.
ხუთშაბათს, 8 იანვარს, ის თურქეთის ინებოლუს პორტიდან რამდენიმე კილომეტრში გაჩერდა და წინა კურსიდან გადაუხვია, იუწყება Reuters ბრიტანული კომპანია Lloyd's List Intelligence-ის ანგარიშზე, რომელიც სპეციალიზირებულია გადაზიდვებზე, ასევე საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით.
Lloyd's List Intelligence-ის ცნობით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემ Elbus-ს უპილოტო საზღვაო სატრანსპორტო აპარატითა და დრონით თავს დაესხნენ.
კომპანიის განცხადებით, ეკიპაჟის 25 წევრიდან არცერთი არ დაშავებულა და ზღვის დაბინძურება არ დაფიქსირებულა.
Lloyd's List Intelligence-ის ცნობით, ტანკერი სინგაპურიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით მიემართებოდა.
თურქული მედიის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვამ ტანკერი ინებოლუს პორტში გადაიყვანა, სადაც გემმა ღუზა ჩაუშვა.
მედიის ცნობით, სანაპირო დაცვის ექსპერტები შეაფასებენ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბებს, რომელიც თურქეთის სანაპიროდან 55.6 კმ-ისდაშორებით მოხდა.
როგორც გამოცემა Mediazona აღნიშნავს, ტანკერი Elbus 2014 წლამდე რუსულ გადაზიდვების კომპანიას ეკუთვნოდა, შემდეგ კი რამდენჯერმე შეიცვალა რეგისტრაციის ქვეყანა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ის რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.