ცოტა ხნის წინ, დასრულდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს მამულში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მისივე თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპელ კოლეგებს ესაუბრნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთის, პოლონეთისა და ნორვეგიის, ასევე ევროკავშირის ლიდერებს.
ტრამპის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრა "შესანიშნავი" იყო.
"ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ, დიდი პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში", - თქვა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, პრობლემურად რჩება "ერთი, ან ორი საკითხი", თუმცა სამშვიდობი შეთანხმება "ახლოს" არის მიღწევასთან. მან ასევე აღიარა, დონბასის რეგიონის ბედი, რომლის ჩაბარებასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს, კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს "ამ საოცარ ადგილას შესანიშნავი შეხვედრისთვის".
მისი თქმით, ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა დღეს განიხილეს "სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი" და რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა "90%-ით შეთანხმებულია".
"ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი ეტაპია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე", - დასძინა მან.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას დონბასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
"და რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ნათელია. სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული საკითხია... ჩვენ "პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას", - თქვა მან.
შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მარ-ა-ლაგოში 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.