აპლიკაციის პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის გათვალისწინებით განხორციელების რეკომენდაციების გაცემას ითვალისწინებს, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადრეული გაფრთხილების სისტემის პროექტის ეროვნული კოორდინატორი ქეთევან სხირელი ესწრებოდნენ.
აპლიკაცია ფერმერებს დაეხმარება, საკუთარი მეურნეობების მართვის დროს პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამინდის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შესამცირებლად.
აპლიკაციაში ხელმისაწვდომია დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები მიზნობრივ რეგიონებში, შიდა ქართლსა და კახეთში გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ პროექტის ფარგლებში შერჩეული კულტურების, კერძოდ, ვაშლის, ვაზის, ატმისა და ნექტარინის, ხორბლის, სიმინდის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ხელშეწყობისათვის.
ციფრულ აგრო აპლიკაცია პროგრამის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“ ფარგლებში შეიქმნა.
შეხვედრაზე პროგრამაში ჩართულმა მხარეებმა განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.
პროგრამა პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
შემაჯამებელ ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.