ერთად აღმოვჩნდით ციხეში, მომწამლავიც და მოწამლულიც, მალე საკანში მოწამვლის შემკვეთმა უნდა ჩამანაცვლოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი წერს წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
"აი ერთად აღმოვჩნდით ციხეში მომწამლავიც და მოწამლულიც, მალე საკანში მოწამვლის შემკვეთმა უნდა ჩამანაცვლოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება (დაჯდება).
უფრო სერიოზულად კი ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის მესიჯს ორივეს, რუსებსაც და ამერიკელებსაც. საქმე იმაშია, რომ ლილუაშვილი იყო მთავარი კონტაქტ პერსონა ФСБ-ს პოსტსაბჭოთა სივრცის კურატორთან, გენერალ ბესედასთან, რომელიც სწორედ მან ჩამოიყვანა მცხეთაში საქეიფოდ. სწორედ ლილუაშვილს მისცეს რუსებმა ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია 2021 წელს.
ასევე ლილუაშვილი ასრულებდა ამერიკელების ცალკეულ დავალებებს ირანელებთან და ისლამისტებთან მიმართებაში (ამიტომაც არ დასანქცირდა).
ახლა ივანიშვილი აჩვენებს რუსებს და ამერიკელებს, რომ სწორედ ის აკონტროლებს ქვეყანაში მდგომარეობას და ნებისმიერი მცდელობა მის ზურგს უკან რამის კეთების და ოლიგარქის ძირგამოთხრის, მის მიერ წინააღმდეგობას წააწყდება.
რუსები თავის მხრივ უკმაყოფილო არიან ივანიშვილით იმის გამო, რომ ბოლომდე არ უსრულებს მიცემულ დაპირებებს და ასევე იმიტომ, რომ ვერ ჩაახშო პროტესტი ბოლომდე", - წერს სააკაშვილი.