შაბათს, აშშ-ის ძალებმა ვენესუელის სანაპიროსთან გემი დააკავეს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კარაკასზე ზეწოლა გააძლიერა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს აშშ-ს მიერ ვენესუელის მახლობლად გემის დაკავების მეორე შემთხვევაა ამ თვეში და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა ამ კვირაში გამოაცხადა ქვეყანაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკირების შესახებ.
10 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა დააკავა დიდი ნავთობტანკერი Skipper-ი, რომელიც ირანთან კავშირის გამო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.
როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ბრძანება სანქციების ქვეშ მყოფ ტანკერებს ეხებოდა, მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ შაბათს დაკავებული გემი აშშ-ის სანქციების ქვეშ არ იმყოფება. ტანკერის ეკიპაჟს დაკავება არ გაუპროტესტებია.
CNN-ის წყაროს ცნობით, გემი პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი იყო, რომელიც ვენესუელური ნავთობით იყო დატვირთული და აზიისკენ მიემართებოდა.
ოფიციალური პირის თქმით, ოპერაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა აშშ-ის სამხედროების დახმარებით ხელმძღვანელობდა და ის საერთაშორისო წყლებში განხორციელდა.
ნოემმა, რომლის სააგენტოშიც სანაპირო დაცვაც შედის, შაბათს საღამოს სოციალურ მედიაში შვიდწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს ვერტმფრენი, რომელიც ტანკერის თავზე დაფრინავს.
მან დაწერა, რომ ტანკერი სანაპირო დაცვამ ომის დეპარტამენტის მხარდაჭერით დააკავა.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს რეგიონში ნარკოტერორიზმის დასაფინანსებლად გამოყენებული სანქცირებული ნავთობის უკანონო გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლას“, - თქვა ნოემმა.
ამასთან, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაბათს განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ის მთავრობის მიერ „მეკობრეობის აქტების“ და „საერთაშორისო ტერორიზმის“ წინააღმდეგ თანამშრომლობა შესთავაზა.
შეერთებული შტატები ვენესუელაზე რამდენიმეთვიან ზეწოლის კამპანიას აწარმოებს, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში ათასობით ჯარისკაცისა და საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფის განლაგებით, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ გემებზე თავდასხმებით და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიმართ არაერთი მუქარით.
პარასკევს, შეერთებულმა ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ოჯახის წევრებსა და თანამოაზრეებს სანქციები დაუწესა.