თურქეთში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს - ის სტამბოლის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ბალიკესირთან ახლოს, ღია მინდორში იპოვეს.
ეს ბოლო კვირის განმავლობაში მესამე მსგავსი ინციდენტია.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ყურადღება უჩვეულო ხმამ მიიპყრო, რის შემდეგაც მათ აღმოაჩინეს დრონი გახსნილი პარაშუტით.
ვარაუდობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა.
ადგილზე გაგზავნეს ექსპერტთა ჯგუფები. საწყისი შემოწმების დროს დრონზე წარწერები, დროშები ან ემბლემები არ აღმოჩნდა და ის დეტალური ანალიზისთვის ანკარაში გაიგზავნა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ „ორლან-10“ ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი, „სავარაუდოდ, რუსული წარმოების“, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, კოჯაელის პროვინციაში, იზმითის ოლქის ჩუბუკლუბალას რაიონში ჩამოვარდა.
მანამდე, 15 დეკემბერს, თურქმა სამხედროებმა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს ამოუცნობი დრონი, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა.