გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მოელის, რომ შეერთებული შტატები ფლორიდაში უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ევროპის ინტერესებს გაითვალისწინებს.
ვადეფული აცხადებს, რომ რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროპის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.
„ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მდგრადი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, - განაცხადა მინისტრმა.
ვადეფული არ ელის, რომ შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით გარღვევას გამოიწვევს.
„მე ვისწავლე, რომ პირადი იმედები ჩემს მოლოდინებზე არ დავაფუძნო, არამედ ფხიზლად შევაფასო სიტუაცია და გავაანალიზო რუსეთის რეაქცია“, - აღნიშნა მინისტრმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია, თუმცა აღნიშნა, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, რუსტემ უმეროვის განცხადებით,
შეერთებულ შტატებში 19 დეკემბერს უკვე გაიმართა უკრაინის დელეგაციის შეხვედრა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან.
„ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შევთანხმდით შემდეგ ნაბიჯებზე, გავაგრძელეთ ერთობლივ მუშაობას უახლოეს მომავალში,“ - დაწერა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა.