მინდა, ჩემმა შვილებმა და ხალხმა იცოდეს, რომ მამამისი კრიმინალი არ არის, პატრიოტია, აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვცნობ თავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„წლების განმავლობაში ვარ პოლიტიკაში და უამრავი საჯარო განცხადება მაქვს გაკეთებული. რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი შემეძლო და ვიქნებოდი პარლამენტში, მაგრამ ჩემი ნებით ვთქვი უარი. მოვიწყობდი ცხოვრებას და ვიქნებოდი კარგად, მაგრამ ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან არ მიმაჩნია ეს სწორად. ჩემზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. აბა, იფიქრეთ როგორია, შვიდი წელი გაატარო სამარტოო საკანში, პატიმრობაში მყოფ ადამიანს ეფიქრება ათას სისაძაგლეზე, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს არის ის ტვირთი, რაც მე თავად ავიკიდე, რადგან როცა ფიქრობ, მართალი ადამიანი ხარ, გინდა, გახვიდე ბოლოში. ეს ჩემი ტვირთია. როგორ შეიძლება, ქრთამად ჩაითვალოს პოლიტიკოსის საჯარო დაპირება. ქრთამი იცით რა არის ბატონო მოსამართლე? მაშინ სხვა დანაშაულებიც მაქვს ჩადენილი და მიამატეთ. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ პედაგოგებს მოემატება ხელფასი, რადგან იმსახურებენ, პენსიონერებზეც მითქვამს, მათ შორის რა განსხვავებაა? რა განსხვავებაა, როცა გდდ-ს თანამშრომლებს ვეუბნებოდი საჯაროდ, არ ჩაიდინოთ უკანონობა და მიიღებთ ჯილდოს. არ არსებობს ჩემი მოწოდება, სადაც არ განვმარტავ რას ვგულისხმობ. სახლი მე არ მაქვს, ავტომობილი არ მაქვს, ერთი ბოტასი და ორი მაისური მაქვს, რომ მეთქვა, ჯიბიდან მოგცემთ ქრთამს-თქო, სიცილით მოკვდებოდნენ. ჩემი სიმდიდრე არის ჩემი სიმართლე და ჩემი ოჯახი. გდდ-ს ვეუბნებოდი, არ მოიქცეთ უკანონოდ, თუ სადმე მე ვამბობ რომ თქვენ არ დაემორჩილოთ, არ შეასრულოთ თქვენი უფლებამოსილება და გადაგიხდით, მე ვაღიარებ დანაშაულს. საქმეში სამი გდდ-ს თანამშრომლის ჩვენება დევს, რომლებიც ჩემი წინადადებით შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, სამი გდდ-ს გამო უნდა ვიყო შვიდი წელი ციხეში? მე მინდა, ჩემმა შვილებმა და ხალხმა იცოდეს, რომ მამამისი კრიმინალი არ არის და პატრიოტია. მოქმედება არ არის, მხოლოდ სიტყვებია, რომ ხაბეიშვილმა თქვა. აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვცნობ თავს. მხოლოდ ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი.დღეს უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი, რომელიც „თქვაზე“ ვზივარ. ბრალად მაქვს წარდგენილი „ხაბეიშვილმა თქვაო", თორემ იმას კი არ ამბობენ რომ შესთავაზაო. მართალი ვარ და ამას საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დავამტკიცებ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.